ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება ცდილობს, ოლიგარქად მონათლოს ყველა მდიდარი, ვისაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი აქვს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ქვეყანაში ბიზნეს კლასის განადგურებასა და ოლიგარქიის ცნების დამახინჯებას ცდილობს.
"ისინი ცდილობენ ოლიგარქიის ცნება დაამახინჯონ და ამოატრიალონ, ხოლო ახალი კანონის შემოღებით ქვეყანაში გაანადგურონ ბიზნეს კლასი, მოსახლეობას შეაძულონ წარმატებული ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, შემოაქვთ ინვესტიციები, ამუშავებენ ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ივანიშვილს ეშინია ადამიანის, რომელიც არ არის მისი მსახური და მისი კარის ბიზნესმენი, რომელიც დამოუკიდებელია და რომელსაც შეიძლება ხვალ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეს", - აღნიშნავს ხაზარაძე.
დღეს პარლამენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენა გაიმართა - ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინული კანონის კრიტერიუმების მიხედვით, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არ მიიჩნევა და მას რამდენჯერმე უწოდა "მეცენატი".
პროექტის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს, მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
კანონპროექტით ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რომელთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს.